English / ქართული / русский /
ხათუნა შალამბერიძე
საბანკო საქმიანობის ტენდენციები, პანდემია და საბანკო პროდუქტების ტრანსფორმაცია

ანოტაცია. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია საბანკო სისტემის ფუნქციონირება. სანდო და სტაბილური საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ და აღმავალ ხასიათზე მიუთითებს. მეორე მხრივ, საბანკო სისტემა მეტად მგრძნობიარეა შესაძლო ეკონომიკური დაქვეითების მიმართ. ფაქტობრივად, საბანკო სისტემებზე წარმოქმნილმა შეფერხებებმა შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის დაღმასვლა და პირიქით, როდესაც ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ გვსურს ვიპოვოთ ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის გამოცოცხლების ნიშნები, პირველ რიგში საბანკო სისტემის მახასიათებლების ცვლილება გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას. გარდა ამისა, საბანკო სისტემის ფუნქციონირებისას მისი სათანადოთ წარმართვით შესაძლებელი ხდება ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის საბანკო სისტემის ანალიზი, სხვადასხვა ბანკების წარმატებისა და წარუმატებლობის კვლევა და საბოლოოდ საბანკო სისტემის განვითარების პროგნოზირება.

თანამედროვე პირობებში, როდესაც საქმიანობის ყველა სფეროში შეინიშნება კონკურენციის სულ უფრო მეტად ზრდა, გამონაკლისს არც საბანკო სექტორი წარმოადგენს. კომერციული ბანკის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული მათ მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებულ საბანკო პროდუქტებსა და მათ შესაბამისობაზე კლიენტების მოთხოვნებთან.

საკვანძო სიტყვები: საბანკო პროდუქტების ტრანსფორმაცია; პანდემია და კომერციული ბანკები.

შესავალი

საბაზრო ეკონომიკა ითვალისწინებს, რომ კომერციული ბანკის მუშაობის უმნიშვნელოვანეს სტიმულს მომგებიანობა წარმოადგენს. ამასთან, საბაზრო ურთიერთობების განვითარება ყოველთვის სხვადასხვა ეკონომიკური პარტნიორების გარკვეული სახის არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული, რაც შესაბამისად საბანკო რისკების სერიას წარმოქმნის. ხშირად იცვლება მოთხოვნა და მიწოდება, გარიგების დადების ფინანსური პირობები, კლიენტების გადახდისუნარიანობა და ა.შ. ამიტომ კომერციული ბანკი გარკვეული გარიგების განხორციელებისას მის შედეგებში ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნება, ანუ, სხვა სიტყვებით, გარიგების ფინანსური შედეგების რისკის გაწევა უხდება.

ბანკები, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მუშაობისას, თავის თავზე არამარტო შიდა რისკების ნაირსახეობას, არამედ გარეშე რისკების (რეგიონული, სოციალური, პოლიტიკური და სხვ.) ზემოქმედებასაც განიცდიან.[1] ამავდროულად, პრობლემა უფრო გამწვავდა, როცა სეგმენტს მოულოდნელად თავს დაატყდა მსოფლიო დონის ჯერ კიდევ დაუმარცხებელი პრობლემა - პანდემია COVID-19-ის სახით. აქედან გამომდინარე, მეტად აქტუალურია ისეთი თემის განხილვა, რომელიც ეხება საბანკო საქმიანობის ტენდენციებს პანდემიის პირობებში და საბანკო პროდუქტების ტრანსფორმაციის აუცილებლობას, რათა სექტორმა დიდი ზარალი არ განიცადოს. 

***

ქართული საბანკო სექტორის განვითარების ვექტორი მიმართულია სტაბილური და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისკენ, რასაც მოწმობს ყოველწლიურად ახალი, ინტეგრირებული საბანკო პროდუქტების ბაზარზე გამოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. წამყვან ქართულ ბანკებს ყოველწლიურად 10-დან 15-მდე ახალი, ინოვაციური პროდუქტი გამოაქვს ბაზარზე.

წამყვანი ქართული ბანკები, ტრადიციულ საბანკო სერვისთან ერთად, სულ უფრო ხვეწენ ონლაინ მომსახურებას, როგორც ინტერნეტ ბანკინგს ასევე მობაილ ბანკინგის პლატფორმებზე. ასევე აქტიურად იყენებენ თანამედროვე მარკეტინგულ მიდგომებს არსებული კლიენტების კმაყოფილების ხარისხის ასამაღლებლად და ასევე პოტენციური მომხმარებლების მიზიდვის მიზნით. ამის ნათელი მაგალითია აქტიური სარეკლამო კამპანია ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებში. რა თქმა უნდა აქტიურად გამოიყენება ინტერნეტსივრცეც, განსაკუთრებით კი ბანკის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც პირველად ჩნდება ინფორმაცია დაგეგმილი და მოსალოდნელი ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.

დისტანციური მომსახურება კიდევ უფრო აქტუალური გახდა არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში COVID-19 ვირუსის გავრცელების შემდეგ. წამყვანმა ქართულმა ბანკებმა აქტიური მუშაობა დაიწყეს, რათა მორგებოდნენ ახალ რეალობას ისე, რომ არ დაეკარგად კლიენტები და შესაბამისად შემოსავლის ნაწილი. განვიხილოთ რამდენიმე ქართული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

თიბისი ბანკი. პანდემიის გამო შექმნილი ვითარების შედეგად, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს, ტექნოლოგიურ გიგანტებსაც კი მოუწიათ თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა. მაგალითად, Facebook-ს, Google-ს, Twitter-ს, რომელთაც ათასობით თანამშრომელი ჰყავთ. როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, ეს არ არის მარტივი, თუმცა ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია საქართველოში ინოვაციების მოყვარულმა ბანკმა თიბისიმ.

თიბისი ბანკმა 2100-ზე მეტი თანამშრომელი გადაიყვანა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე. ეს პროცესი საკმაოდ ეფექტური გამოდგა. დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლაში კომპანიას ისიც დაეხმარა რომ 2019 წლის დასაწყისში ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო, ამიტომაც ბანკის თანამშრომლების დიდი ნაწილი ამ ყველაფრისათვის უკვე მზად იყო. ბანკს უნდა დაეძლია გამოწვევები: თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება. 

თიბისი ბანკი ბოლო ხუთი წელია ციფრულ აპლიკაციებში დიდ ინვესტიციებს დებს. ფაქტობრივად ბანკის ტრანსზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება. ბანკმა მომხმარებლების უსაფრთხოების რისკების შემცირების და ციფრული პროდუქტების პრომოციის მიზნით, მომდევნო სამი თვის განამვლობაში საკომისიოები გააუქმა პროდუქტებზე.[2] ეს, ბუნებრივია, დადებითად აისახება მომხმარებელთა განწყობაზე და პოტენციურ კლიენტებს უბიძგებს გახდეს თიბისის ელექტრონული პროდუქტების მომხმარებელი.

თიბისი ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს. შეიქმნა პლატფორმა tbc4u.vendoo.ge. მისი საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ კომპანიისაგან მიიღებენ ვაუჩერს, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ. ასეთი დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. „თიბისი შენთვის“ პროგრამის ინიციატივა ბიზნესისთვის ციფრულ პროდუქტებზე შეღავათების შეთავაზებაა. კერძოდ: ბიზნეს ინტერნეტბანკში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია და კვარტალური მომსახურების მიღება უფასოდ; ბიზნეს ინტერნეტბანკში მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ; დიჯიპასაპლიკაციის გააქტიურება უფასოდ; ბიზნესისთვის შეღავათები დაწესდა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზეც. სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხების შენატანზე; ბიზნესბარათის უფასოდ აღება სატელეფონო ცენტრით შეკვეთისას; საკომისიო გადასახადი გაუქმდა იტერნეტ და მობაილბანკში კომუნალურ გადახდებზე; პოს-ტერმინალზე გაუქმდა შევსებადი საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე; შეიქმნა სპეციალური სადისტრიბუციო ბარათი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.[3]

აღნიშნული სიახლეები არსებულ კრიზისულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული კომპანიების ნაწილს მოუწია საქმიანობის დროებით შეწყვეტა. საქართველოს ბანკი - კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, იმისათვის რომ თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირებას შეუწყოს ხელი, ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადავიდა. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს და დასაქმებული ჰყავს 8000-მდე ადამიანი. შესაბამისად მაღალია მისი პასუხისმგებლობა როგორც მისი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების წინაშე. ონლაინ შესაძლებლობები უსაზღვროა - ამ შინაარსის ბანერი მთავარ ადგილს იკავებს საქართველოს ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. მასში თავმოყრილია ყველა ის ციფრული პროდუქტი და მომსახურება, რომლებიც სერვისცენტრში მისვლასა და ნაღდ ფულთან შეხების საჭიროებას თავიდან აარიდებს მომხმარებლებს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს  ორი თვის განმავლობაში, დისტანციური არხებით - მობაილბანკით და ინტერნეტბანკით ტრანსზაქციები საკომისიოს გარეშე განახორციელების შესაძლებლობას.

კრიზისულ ვითარებაში საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს „მობაილბანკი მობილური ინტერნეტის გარეშე“. ეს ნიშნავს რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაციის მობაილბანკით განხორციელება მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოიწურება. სიახლეა ისიც რომ ახალი მობაილბანკი გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს.[4] საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ქართულ ბიზნესებს მხარდაჭერას უცხადებს და სთავაზობს პლატფორმას  https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეციალურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარბელი მას შემდეგ შეძლებს, როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ბიზნესები წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. ინიციატივის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვერდში დავუდგეთ ბიზნესს დღეს, რომ ხვალ ოპერირება შეძლონ. ეს პლატფორმა დაეხმარება სხვადასხვა სახის ბიზნესს,  რომ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიიღონ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს.[5]

ტრანსფორმაციის პროცესის თანმდევი სირთულეა ის, რომ ყველა სიახლის დანერგვის პროცესი ეროვნული ბანკის რეკომენდაციებს უნდა ექვემდებარებოდეს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს საბანკო ბაზარზე გამოჩნდა პირველი ციფრული ბანკი Space, რომელმაც შესაძლოა საბანკო მომსახურება სრულიად შეცვალოს. Space-ის გუნდმა შექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც თქვენს ყველა საბანკო სერვისს ერთ, კომფორტულ მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს. ეს არის ე.წ. ნეო ბანკი, რომელიც ფილიალებისა და ქაღალდების, რთული და დამაბნეველი პროდუქტების, დაფარული გადასახადების და ბიუროკრატიის ნაცვლად, კომფორტულ ციფრულ მომსახურებასთან ასოცირდება. Space-ს არ აქვს ფილიალები, შესაბამისად მომხმარებლების რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა ან ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. ამისათვის საჭიროა გადმოწეროთ Space-ის აპლიკაცია, გაიაროთ ვერიფიკაცია და გახდეთ სფეისის მომხმარებელი. ეს შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ სრულფასოვანი საბანკო ანგარიში და ვიზაკლასიკის ტიპის უფასო ბარათი. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ ან სად გერიცხებათ ხელფასი. სფეისში შესაძლებელია გააერთიანოთ ყველა თქვენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორცილებლად. [6]

კლიენტებთან ურთიერთობის მართვასთან ერთად დღევანდელ მუდმივად ცვალებად გარემოში აქტუალურია სხვადასხვა გამოწვევებთან ბრძოლა, რომლებიც მოულოდნელად იჩენს თავს და საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენებს ნებისმიერ ბიზნესს, მათ შორის კომერციულ ბანკებსაც და მათ მომგებიანობას. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ვითარება. კერძოდ ახალი კორონავირუსი, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო. პანდემიის გამო დროებით შეწყვიტა მუშაობა  დიდმა კომპანიებმა, ადამიანები იძულებული არიან დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი თუნდაც ქუჩაში გამოსვლისაგან. ამ ვითარებამ დიდი პრობლემები შეუქმნა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასაც კი. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ მან გავლენა იქონია საფინანსო სექტორზეც. მაგალითად ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ანაბრებისა და სესხების მოცულობა, რაც კომერციული ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს სესხებზე. თუმცა ამ რთულ ვითარებაშიც კი კომერციული ბანკები აქტიურად ნერგავენ სიახლეებს რათა პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება გამოიწვიონ. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები აქტიურად მუშაობენ არა მხოლოდ სიახლეების დანერგვაზე, არამედ აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. ამის ნათელი მაგალითები მრავლად გამოჩნდა ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე. მასთან ბრძოლისათვის ქვეყნის წამყვანმა ბანკებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს და აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ვითიბი ბანკმა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საწყის ეტაპზე 200 000 ლარი გამოყო, რომელიც მიმართული იყო იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც დადგა ქვეყანა. აღნიშნული  თანხა ჩაირიცხა სპეციალურად COVID 19-ის შესაჩერებლად #StopCov გახსნილ ფონდში საქართველოს ბიზნესასოციაციის მეშვეობით.[7]  ამავე მიზნით დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA-ს მარკის ავტომობილები გადასცა.

თიბისი ბანკმა საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა პროგრამა „თიბისი შენთვის“, რომელიც COVID 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის მიერ ინიცირებულ ყველა პროექტს აერთიანებს. მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება:  2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდა დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი მოხმარდა მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შემსუბუქებას როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისათვის.[8]  ასევე, თიბისი ბანმა, მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე  COVID 19-ის 10 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკმაც. მან საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის შექმნა ონლაინპლატფორმა argacherde.ge, სადაც მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მომხმარებელს შესთავაზონ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება სპეციალურ ფასად. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. საქართველოს ბანკმა ჩვენი ქვეყნისთვის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა. მათ შორის იყო: 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი. აღნიშნული აღჭურვილობა მთლიანად გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად. 

დასკვნა 

რისკებსა და საფრთხეებთან ერთად თანამედროვე მუდმივად განვითარებადი სამყარო იძლევა შესაძლებლობებსაც სიახლის დანერგვის და ჯერ კიდევ აუთვისებელი მომსახურებებისა და პროდუქტების შესაქმნელად. სიახლეების და ინოვაციების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია საბანკო სფეროში, რადგან გამძაფრებული კონკურენციის პირობებში ის წარმოადგენს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების იარაღს. COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) პროგრამის გაფართოება და სავალუტო ინტერვენციების ახალი მექანიზმის ამოქმედება.[9]  საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ხელისუფლებასთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურად არის ჩართული საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვაში იმ ეკონომიკური გამოწვევების მიმართ, რაც წარმოიშვა COVID-19-ის პანდემიის შედეგად.

COVID-19-ის პანდემიის დაწყების მომენტიდან საბანკო სექტორის მიერ მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები და კომერციული ბანკების კლიენტებს შეეძლოთ ესარგებლათ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადების პირობით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.   მხარეთა აქტიური თანამშრომლობის პირობებში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეფექტურად იქნება გადალახული ყველა ის გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია დადგეს მომხმარებლების წინაშე COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის და საქმიანობის განახლების პირობებში.